пятница, 6 мая 2016 г.

საგნობრივი პროგრამა ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში

თავი XLIII

 

საგნობრივი პროგრამა ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში


 1. ზოგადი ნაწილი 

 ა) შესავალი

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) გარეშე დღეს წარმოუდგენელია პროგრესი სახელმწიფო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში. შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარება, ინფორმაციული საზოგადოების შექმნა და მსოფლიო ინფორმაციულ სივრცეში აქტიურად ჩართვა ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტულ ამოცანად არის მიჩნეული. ამ ამოცანის წარმატებით გადაჭრას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ისეთი სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, როგორებიცაა დემოკრატიული, თავისუფალი და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, ქვეყნის უსაფრთხოება, ადამიანის უფლებების დაცვა, სიღარიბესთან და კორუფციასთან, ექსტრემიზმთან და ტერორიზმთან ბრძოლა.
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ამ საგანმა არა მხოლოდ ტექნიკური უნარ-ჩვევები შესძინოს მოსწავლეს, არამედ შექმნას ხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავის­უფალი პიროვნების ჩამოსაყალიბებლად.
სასწავლო პროცესში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მხარე აქვს, კერძოდ:
·           ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლების დაწყებით საფეხურზე, როდესაც სასწავლო დისციპლინების უმეტესობა ისწავლება ინტეგრირებულად.
·           ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითობსა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია პრობლემებზე დაფუძნებული კონსტრუქტივისტული საკლასო გარემოს შესაქმნელად.
·           ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელია ისეთი თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება, რომლებიც საჭიროა ახალი ცნების, ობიექტისა და პროცედურის შემოტანისას. ამის მაგალითებია: არითმეტიკული მოქმედებები რიცხვებზე, როდესაც ამ მოქმედებების რეალიზაცია, ძირითადად, ხდება საგნობრივი თვალსაჩინოებების გამოყენებით (დაწყებით საფეხურზე); ახალი სიტყვებისა და ფრაზების შესწავლა მშობლიურ თუ უცხო ენებში, როდესაც უცნობ სიტყვებსა და ფრაზებს მოსწავლეები უკავშირებენ შესაბამის გრაფიკულ გამოსახულებას; ისეთი ბუნებრივი მოვლენების სიმულაცია, რომლებზე დაკვირვებაც შეუძლებელია ან ძალზე რთულია რეალურ ვითარებაში.
·           ისტ-ის გამოყენებამ შესაძლოა უფრო ეფექტურად და ინტენსიურად შეუწყოს ხელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებას. ასეთებია, მაგალითად: ვიზუალური თუ რაოდენობრივი კანონზომიერებების აღმოჩენის უნარი (კანონზომიერება საგანთა მიმდევრობაში, კანონზომიერება გრაფიკულ გამოსახულებაში, რაოდენობრივი ცვლილების კანონზომიერება); ობიექტთა ზომების დადგენისა და შეფასების უნარი; ინფორმაციის გააზრებისა და ერთი ფორმატიდან მეორეში გადაყვანის უნარი (მაგალითად: ტექსტური მასალისათვის გრაფიკული გამოსახულების შერჩევა და პირიქით; სიტყვიერად აღწერილი რაოდენობრივი ინფორმაციის გამოსახვა და პირიქით); სივრცული წარმოდგენა; თანამშრომლობის უნარ-ჩვევები; სამუშაო სივრცის მომზადებისა და საჭირო საშუალებების შერჩევის უნარი.

ციფრული წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა
გარდა იმისა, რომ ისტ-ის გამოყენება მოსწავლეებს ეხმარება სხვადასხვა სასწავლო საგნით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაში, იგი ხელს უწყობს თვით ისტ-თან დაკავშირებული კომპეტენციების განვითარებასაც. ეს კი მნიშვნელოვანია თანამედროვე ცხოვრებაში აუცილებელი ციფრული წიგნიერების შესაძენად. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ციფრული, ისევე, როგორც რაოდენობრივი წიგნიერება, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წიგნიერება ტრადიციული გაგებით. ამგვარად, დაწყებით საფეხურზე ისტ-ის გამოყენებისას არანაკლები ყურადღება უნდა მიექცეს ისეთი კომპეტენციების ჩამოყალიბებასა და განვითარებას, როგორებიცაა კომპიუტერის შეტანა-გამოტანის მოწყობილობების გამოყენება (კლავიატურა, თაგვი, ეკრანი); ციფრული მოწყობილობისა თუ ელექტრონული რესურსის პარამეტრების გააზრება (მაგალითად, მეხსიერება, ფერების რაოდენობა, საჭირო აპარატურული რესურსები); ციფრული მოწყობილობის მუშაობის პრინციპებისა და ინფორმაციის შენახვა, დამუშავება და მისი გადაცემის შესახებ წარმოდგენის შექმნა (მაგალითად, ოპერაციული სისტემისა და ფაილის ცნებების გააზრება, ასევე იმის გააზრება, რომ ტექსტური, გრაფიკული და აუდიო მასალა ციფრულ მოწყობილობაში ინახება ერთი და იმავე სახის ერთეულში).

მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესში ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივაციის ზრდას. გარდა იმისა, რომ ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელია უფრო მდიდარი, მრავალფეროვანი და დინამიური სასწავლო მასალის შექმნა და გამოყენება, მისი საშუალებით შესაძლებელია სასწავლო შინაარსი გავხადოთ ინტერაქტიული. შედეგად, მოსწავლე ინფორმაციის პასიური მიმღები კი არ არის , არამედ მას თავად შეუძლია სასწავლო შინაარსის მოდიფიცირება და შექმნაც კი. ყოველივე ეს კი სრულად შეესაბამება სასწავლო პროცესისადმი თანამედროვე, კონსტრუქ­ტივისტურ მიდგომას, რომელიც ითვალისწინებს ცოდნის მიგნებასა და შექმნას თვით მოსწავლის მიერ.

ბ) საგნის სწავლების მიზნები და ამოცანები
·           ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების ძირითადი მიზანია ინფორმირებული, ტექნოლოგიური მიღწევების ეფექტიანად გამოყენების უნარის მქონე, ეთიკური და კანონმორჩილი პიროვნების აღზრდა, რომელიც შეძლებს ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებას, მართვას, დამუშავებას, შეფასებას, ანალიზს და მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას; რომელიცცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ; თავად ქმნის ღირებულებებს და საკუთარი წვლილი შეაქვს საზოგადოების წინსვლაში.
·           ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეს უნდა ჰქონდეს საბაზისო ცოდნა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შესახებ, ასევე   მათი მოხმარების პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც საკმარისი იქნება როგორც მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის, ასევე  შემდეგ საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ
·           მოსწავლემ უნდა იცოდეს ისტ-თან დაკავშირებული ცნებები და ფლობდეს შესაბამის ოპერაციებს (იგულისხმება ისტ-ის დანიშნულება და მათი მოქმედების ძირითადი პრინციპები).
·           მოსწავლეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს  ისტ-ით სარგებლობის  სოციალური, ეთიკური, გარემოს დაცვასთან და ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული პრობლემები (იგულისხმება ინფორმაციისა და პროგრამული უზრუნველყოფის ეთიკისა და არსებული კანონმდებლობის დაცვით გამოყენება).
·           მოსწავლე უნდა ფლობდეს ციფრული პროდუქტების შესაქმნელ საშუალებებს;
·           მოსწავლე უნდა ფლობდეს კომუნიკაციის ციფრულ საშუალებებს;
·           მოსწავლე უნდა ფლობდეს კვლევის ციფრულ საშუალებებს (იგულისხმება ინფორმაციის სხვადასხვა წყაროებიდან მოძიება, შენახვა, დამუშავება, ანალიზი და ანალიზის საფუძველზე დასკვნების ჩამოყალიბება).
·           მოსწავლეს უნდა შეეძლოს ისტ-ის გამოყენება საყოფაცხოვრებო და რეალური ვითარების დროს წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრისას.


გ) საგნის სწავლების ორგანიზება
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლებაში განისაზღვრა ორი მიდგომა. ესენია: ა) ისტ-ი, როგორც დამოუკიდებელი საგანი, ბ) ისტ-ი, როგორც ინტეგრირებული სხვა სასწავლო დისციპლინებში. ცალკე საგნად სწავლებისას მოსწავლე იძენს საჭირო საბაზისო კომპეტენციებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლების საწყის ეტაპზე, როცა მოსწავლე არ ფლობს საბაზისო უნარ-ჩვევებს და, შესაბამისად, მისთვის ამ კომპეტენციების გამომუშავება ისტ-ის სხვა საგნებთან ინტეგრირების რეჟიმში უფრო რთული იქნება.  იმ კლასებში, რომლებშიც არ არის განსაზღვრული ისტ-ის ცალკე საგნად სწავლება, მოსწავლეთა ისტ კომპეტენციების განვითარება ცალკეული საგნების ფარგლებში უნდა გაგრძელდეს. ამას გარდა, სპეციალური პროექტებისა თუ სხვადასხვა კონკურსების მეშვეობით ხელი უნდა შეეწყოს  ისტ-ის ინტეგრირებას სხვა სასწავლო დისციპლინებშიც.

ისტ-ის სწავლების ორგანიზება


დაწყებითი
საფეხური
საბაზო საფეხური
საშუალო საფეხური
კლასები

1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
საგნის სწავლების ფორმა
ცალკე საგანი
ინტეგრირებული
ცალკე საგანი
ინტეგრირებული
ცალკე საგანი
ინტეგრირებული
ინტეგრირებული
დონეების რეალიზაცია


I დონე
II დონე


III
დონე

 

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნობრივი პროგრამა შედგენილია კომპეტენციის დონეების მიხედვით. გამოიყოფა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ფლობის 3 დონე:
   I დონე.  დამწყები მომხმარებლისთვის საჭირო ცოდნა და უნარები: ძირითადი მოწყობილობების ცოდნა, ოპერაციული სისტემა, ტექსტთან და მულტიმედიურ მონაცემებთან მუშაობა (შექმნა, რედაქტირება), ოპერაციები ფაილებზე, ინტერნეტი და ელ-ფოსტა, საოფისე პროგრამების პაკეტი.
   II დონე.  დაოსტატებული მომხმარებლისთვის საჭირო ცოდნა და უნარები: გარდა იმისა, რომ I დონის სასწავლო მასალა მეორდება გაღრმავებულად, მას ემატება სხვა, უფრო რთული კომპონენტები. ოპერაციული სისტემები (უფრო ღრმად) და ოპერაციულ სისტემებს შორის განსხვავება, ელექტრონული ცხრილების გამოყენება პრობლემების გადასაჭრელად, სამაგიდო გამომცემლობის ელემენტები, ვებდიზაინის ელემენტები.
   III დონე. გათვალისწინებულია ორი კურსი. სკოლას ექნება მათ შორის არჩევანის გაკეთების საშუალება:  
o    პირველი კურსი: კომპიუტერული მეცნიერება, რომელიც მოიცავს ინფორმატიკისა და პროგრამირების ელემენტებს: მონაცემთა სტრუქტურები (მონაცემთა შენახვის, დამუშავების, გადაცემის ხერხები), ალგორითმები (ალგორითმის ცნება, ალგორითმის სახეები, თვისებები, ჩაწერის ხერხები), ალგორითმების შეფასების ხერხები, ალგორითმის პროგრამული რეალიზაცია.
o    მეორე კურსი - მულტიმედია და დიზაინი, რომელიც მოიცავს, ვებ-დიზაინის, გრაფიკული დიზაინის და მულტიმედიის ელემენტებს.

დ)  მიმართულებების აღწერა

 

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული კომპეტენციები დაყოფილია რამდენიმე მიმართულებად. ესენია:

ძირითადი ცნებები და ოპერაციები
      I.             ინფორმაციის მოძიება და კვლევა ისტ-ის გამოყენებით.
    II.             ინფორმაციის ორგანიზება და შენახვა ისტ-ის გამოყენებით.

ისტ რესურსების შექმნა
  III.             ციფრული მასალის შექმნა ისტ-ის გამოყენებით.
  IV.             კომუნიკაცია ისტ-ის გამოყენებით.

კვლევა და კომუნიკაცია
    V.       ისტ-ის გამოყენების სფეროების ცოდნა, მისი უპირატესობების გაცნობიერება. ეთიკური ნორმების დაცვა ისტ-ის გამოყენებისას.
  VI.             ციფრული საშუალებების მართვა (ტექნიკური კომპეტენციები).

წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, ამ კომპეტენციების ჩამოყალიბება იწყება კურსის პირველივე საფეხურიდან. ზოგიერთი (საბაზისო) კომპეტენციის ჩამოყალიბება უნდა დასრულდეს კურსის პირველივე საფეხურზე, მაგრამ ისინი ღრმავდება  კურსის მეორე საფეხურზე, რაშიც განსაკუთრებულ როლს თამაშობს ისტ-თან დაკავშირებული კომპეტენციების ინტეგრირება სხვა სასწავლო დისციპლინებში. მეორე საფეხურზე ფართოვდება კომპეტენციების ის ნაწილი, რომელთა ჩამოყალიბება იწყება კურსის პირველ საფეხურზე.
გარდა უნარ-ჩვევებთან დაკავშირებული კომპეტენციებისა, დოკუმენტში წარმოდგენილია სასწავლო მასალის შინაარსი, რომელიც თემატური საკითხების ჩამონათვალის სახითაა მოცემული.

 ე) შეფასება ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში

შეფასების კრიტერიუმები  და მათი მიღწევის დონეები
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საგნობრივი პროგრამა მოსწავლის მიღწევების შეფასებისას ეყრდნობა კრიტერიუმების მიღწევის დონეების აღწერას. სულ გვაქვს მიღწევის 4 დონე. ეს დონეები განსაზღვრულია მისაღწევი მიზნებიდან გამომდინარე. დონეების აღწერაში გადმოცემულია ის ძირითადი ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომელთა მიღწევას ემსახურება ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში. მართალია, შეფასების მეთოდს, ძირითადად, მასწავლებელი განსაზღვრავს, მაგრამ დონეების აღწერა საშუალებას იძლევა, რომ უფრო ეფექტიანად დაიგეგმოს შეფასება, ჩამოყალიბდეს შეფასების რუბრიკა ყოველი კონკრეტული შემთხვევისათვის.

I  დონე
1.      მოსწავლე მოიპოვებს ციფრულ მასალას სხვადასხვა წყაროდან და აცნობიერებს იმას, რომ არსებობს ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმა.
2.      მოსწავლე იყენებს ისტ-ს ტექსტებთან, გამოსახულებებთან და აუდიო მასალასთან მუშაობისას, საკუთარი იდეების გადმოსაცემად.
3.      მოსწავლეს გააზრებული აქვს ციფრული მოწყობილობის მართვის ძირითადი ხერხები და ირჩევს შესაბამის მოწყობილობას სასურველი შედეგის მისაღებად.
4.      მოსწავლე საკუთარი სიტყვებით აღწერს ციფრული მოწყობილობის გამოყენების პროცესს.

II დონე
1.      მოსწავლე იყენებს მოწყობილობას ციფრული მასალის კლასიფიკაციის, ორგანიზების და მოძიებული მასალის წარდგენისათვის.
2.      მოსწავლეს  დამოუკიდებლად შეუძლია სამუშაოს დაწყება, შენახვა და გაგრძელება, ისტ-ის გამოყენებით.
3.      მოსწავლე იყენებს ისტ-ს ციფრული მასალის შესაქმნელად, შესანახად და საკუთარი იდეების გასაზიარებლად სხვადასხვა ფორმით (ტექსტის, ცხრილების, გამოსახულებების და ხმოვანი).
4.      მოსწავლე შედეგის მიღების მიზნით გეგმავს სამუშაოს და იძლევა მითითებებს, აღწერს მოსალოდნელ ეფექტს.
5.      მოსწავლე იყენებს ისტ-ს იმის გამოსაკვლევად, თუ რა შეიძლება მოხდეს რეალურ ან წარმოსახვით ვითარებაში.

III დონე
1.      მოსწავლე განსაზღვრავს ინფორმაციის მოძიების სტრატეგიას, ირჩევს შესაბამის ციფრულ საშუალებებს და იყენებს მათ ამ სტრატეგიის რეალიზაციისას.
2.      მოსწავლე იყენებს ისტ-ს მის მიერ შესასრულებული სამუშაოს შედეგების ორგანიზებისას და წარდგენისას.
3.      მოსწავლე იყენებს ისტ-ს იდეებისა და მოსაზრებების გაზიარებისა და ურთიერთგაცვლის მიზნით.
4.      მოსწავლე კვლევისას და პრობლემის გადაჭრისას ირჩევს ადეკვატურ ციფრულ მოდელს ან სიმულაციას.
5.      მოსწავლე აღწერს ისტ-ის გამოყენების საკუთარ გამოცდილებას.

IV დონე
1.      მოსწავლე აფასებს მოძიებული ციფრული მასალის შესაბამისობას მის მიერ დასახულ მიზანთან და ძიებისას გამოყენებულ სტრატეგიასთან, საჭიროების შემთხვევაში, შეაქვს კორექტივები ძიების სტრატეგიაში.
2.      მოსწავლე აფასებს ციფრული მასალის ხარისხს და ინფორმაციის სანდოობას. ხარისხის და სანდოობის გაუმჯობესების მიზნით შეაჯერებს სხვადასხვა წყაროდან მიღებული მასალას.
3.      მოსწავლე იყენებს ისტ-ს ციფრული მასალის სხვადასხვა ფორმით წარდგენისას; აცნობიერებს წარსადგენი მასალის ხარისხს და შესაბამისობას აუდიტორიის მოთხოვნებთან.
4.      მოსწავლე იყენებს ისტ-ზე დაფუძნებულ მოდელებს და სიმულაციებს კანონზომიერებებისა და კავშირების კვლევისას, აკეთებს პროგნოზს, ამოწმებს / ასაბუთებს ჰიპოთეზებს.
5.      მოსწავლე ადარებს და აფასებს ისტ-ის გამოყენების საკუთარ და სხვათა გამოცდილებას.

ზემოთ მოცემული დონეები და მათში აღწერილი კომპეტენციები შეიძლება გამოვიყენოთ როგორც საშინაო და საკლასო დავალებების, ისე შემაჯამებელი დავალებების კომპონენტში.
ეს კომპეტენციები შესაძლებელია გამოვლინდეს სხვადასხვა ციფრული საშუალების გამოყენებისას, სხვადასხვა ვითარებაში და სხვადასხვა სახის ციფრული მასალის შექმნისას. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს:
1.        პროექტი, რომელიც მოიცავს ისეთ საფეხურებს, როგორებიცაა ინფორმაციის მოძიება, ორგანიზება, ანალიზი და მიღებული შედეგების პრეზენტაცია. პროექტის შინაარსი და შედეგი შეიძლება უკავშირდებოდეს ნებისმიერ სასწავლო დისციპლინას;
2.        ელექტრონული ცხრილის გამოყენება რაოდენობრივი მონაცემების სტატისტიკური დამუშავებისას, რომელიც მოიცავს შემდეგ საფეხურებს: მონაცემთა განთავსებისათვის საჭირო ცხრილის დიზაინის მოფიქრება, მონაცემების ცხრილში განთავსება, საჭირო ფუნქციების, მაკროსებისა და ანალიზის საშუალებების გამოყენება მონაცემების დამუშავებისას, მიღებული შედეგების და დასკვნების ვიზუალიზაცია დიაგრამების საშუალებით;
3.        ციფრული მასალის გამოქვეყნება ინტერნეტში ან ლოკალურ ქსელში, რომელიც მოიცავს შემდეგ საფეხურებს: სხვადასხვა ფორმატის მქონე კომპონენტების მოძიება ან დამოუკიდებლად შექმნა (ტექსტი, გამოსახულება, აუდიომასალა, ვიდეომასალა), საბოლოო პროდუქტის სტრუქტურის გააზრება და ჩამოყალიბება, წინასწარ მომზადებული კომპონენტების კომბინირება გამოსაქვეყნებელი მასალის შესაქმნელად, მიღებული შედეგის (მაგალითად: ვებ-გვერდის, თამაშის, გამოკითხვის ფორმის) განთავსება, უკუგების მონაცემების შეგროვება და ანალიზი, პროდუქტის გაუმჯობესება;
4.        ლიტერატურული ან კვლევითი ხასიათის ნაშრომის მომზადება, რომელიც მოიცავს ისტ-თან დაკავშირებულ შემდეგ ეტაპებს, მაგალითად, ტექსტის აკრეფას და ფორმატირებას იმ სახით, რომელიც ყველაზე უკეთ შეესაბამება გადმოსაცემი მასალის შინაარსს; ილუსტრაციების (დიაგრამების, გრაფიკების, ცხრილების, გეომეტრიული ნახაზების) შესაქმნელად საჭირო საშუალებების შერჩევას, ილუსტრაციების შექმნასა და ტექსტურ მასალაში ადეკვატურად ინტეგრირებას; დოკუმენტის სტრუქტურის გააზრებას და ტექსტური რედაქტორის შესაბამისი ფუნქციების გამოყენებას წინასწარ განსაზღვრული სტრუქტურის შესაქმნელად; მიღებული შედეგის (ნაშრომის) საცდელ წარდგენას და უკუგების მიღებას; ნაშრომის დახვეწას; ნაშრომის გამოსაქვეყნებლად საჭირო სერვისის მოძიებასა და ნაშრომის გამოქვეყნებას (მაგალითად, ბლოგზე, დოკუმენტების გავრცელების და გაზიარების რომელიმე უფასო სერვისის გამოყენებით, ლოკალურ ქსელში, ქაღალდზე ამობეჭდილი სახით, სასკოლო გაზეთში);
5.        მათემატიკური ან საბუნებისმეტყველო შინაარსის პრობლემის გადაჭრა ისტ-ის დახმარებით, რაც გულისხმობს შემდეგ ეტაპებს: ამოცანის მონაცემების ამოკრება და ორგანიზება; ადეკვატური ციფრული საშუალების შერჩევა (მაგალითად, სიმულაცია - ბუნებისმეტყველებაში, რომელიმე უფასოდ გავრცელებული მათემატიკური პაკეტი, ელექტრონული ცხრილი, კალკულატორი); ამოცანის მონაცემების შეტანა შერჩეულ კომპიუტერულ პროგრამაში (ეს ეტაპი თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მოსწავლემ უნდა შეისწავლოს შერჩეულ პროგრამასთან ინტერაქცია: მონაცემების შეტანა-გამოტანა, შესაბამისი ბრძანებების მიცემა და შენახვა); მონაცემების დამუშავება და შედეგის მიღება; მიღებული შედეგის ინტერპრეტაცია და წარმოდგენა დასმული ამოცანის კონტექსტში; შედეგის თარგმნა სამეტყველო ენაზე და მისი გაფორმება.

ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევები არ არის მკაფიოდ გამიჯნული ერთმანეთისაგან და კონკრეტული აქტივობა შეიძლება მოითხოვდეს მათ კომბინირებულად გამოყენებას სხვადასხვა ეტაპზე. შეფასებისას გამოყენებული აქტივობა და მისი შედეგი უნდა დაიყოს კომპონენტებად ისე, რომ გასაგები იყოს შეფასების სქემა (შეფასების რუბრიკა). გასათვალისწინებელია ისიც, რომ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ყოველთვის არ არის შესაძლებელი მოსწავლის კომპეტენციის შემოწმება მხოლოდ მიღებული პროდუქტის შინაარსის მიხედვით. მაგალითად, ლიტერატურული ნაშრომის შეფასებისაგან განსხვავებით, ისტ-ის გამოყენებით გაფორმებული ანალოგიური ნაშრომის შეფასებისას უნდა შეფასდეს არა მხოლოდ ნაშრომის შინაარსი და მართლწერა, არამედ ისიც, თუ რა ტექნიკური საშუალებები და რა ფუნქციები გამოიყენა მოსწავლემ მისი გაფორმების დროს. ეს კი ყველაზე კარგად აისახება ამ ნაშრომის ციფრულ სტრუქტურაში, მაგალითად, დასათაურებისა და სტილების გამოყენებაში, სანიშნეების, ბმულების და ნაშრომში გადაადგილების სხვა საშუალებების, ტექსტის სასურველი სახით განლაგებისას უხილავი ცხრილების, ტექსტური ველების გამოყენებაში, დანომვრისა და ჩამონათვალის გაკეთების ავტომატიზაციაში.


მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალება

1.        დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს შეფასების ზოგადი რუბრიკა;
2.        ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;
3.        10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე და კომპონენტებზე;
4.        მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შეფასებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.


კონკრეტული რუბრიკის ნიმუში
დოკუმენტის მომზადება კომპლექსური ტექსტური რედაქტორის გამოყენებით (მაქსიმალური შეფასება - 10 ქულა).

შეფასების კრიტერიუმები      




ფონი
გვერდების ფონი ართულებს ტექსტის და გრაფიკული ელემენტების აღქმას.
გვერდების ფონი არ ართულებს ტექსტის და გრაფიკული ელემენტების აღქმას.
გვერდის ფონი ხელს უწყობს ტექსტის და გრაფიკული ელემენტების აღქმას.
გვერდის ფონი ხელს უწყობს მასალის აღქმას და შეესაბამება თემატიკას.
 (0 ქულა)
(0.5 ქულა)
 (1 ქულა)
(1.5 ქულა)
ტექსტის ფორმატი
ტექსტის ფორმატი ართულებს მასალის აღქმას.
ტექსტის ფორმატი გააზრებულია, თუმცა ხელს არ უწყობს მასალის აღქმას.
ტექსტის ფორმატი კარგადაა გააზრებული და ხელს უწყობს მასალის აღქმას.
ტექსტის ფორმატი მრავალფეროვანია, ხელს უწყობს მასალის აღქმას და შეესაბამება შინაარსს.
(0 ქულა)
(1 ქულა)
(1.5 ქულა)
(2 ქულა)
გრაფიკული ელემენტები
გრაფიკული ელემენტების დიდი ნაწილი არ არის მიმზიდველი და ხელს უშლის შინაარსის აღქმას.
გრაფიკული ელემენტები მიმზიდველია, თუმცა ზოგიერთი მათგანი ხელს არ უწყობს შესაბამისი შინაარსის აღქმას.
გრაფიკული ელემენტები მიმზიდველია და ხელს უწყობს შესაბამისი შინაარსის აღქმას.
გრაფიკული ელემენტები კარგადაა შერჩეული, ხელს უწყობს მასალის აღქმას და შეესაბამება შინაარსს.
(0 ქულა)
(1 ქულა)
(1.5 ქულა)
(2 ქულა)
ორიგინალურობა
მასალა არ არის ორიგინალური და არაადეკვატურადაა შერჩეული.
მასალა არ არის ორიგინალური, თუმცა ადეკვატურადაა შერჩეული.
მასალის უდიდესი ნაწილი ორიგინალურია და შეესაბამება თემატიკას.
მასალა ძირითადად ორიგინალურია, მასში ჩანს ავტორის შემოქმედებითობა. შინაარსი გადმოცემულია საინტერესო და უნიკალური ხერხით.
(0 ქულა)
(1 ქულა)
(1.5  ქულა)
(2.5 ქულა)
მასალის ორგანიზება
მასალა არა არის ორგანიზებული და მასში არ ჩანს სტრუქტურა, რაც ხელს უშლის შინაარსის აღქმას.
მასალის ნაწილი ლოგიკური თანმიმდევრობითაა განლაგებული, თუმცა სტრუქტურა ხელს არ უწყობს შინაარსის უკეთ აღქმას.
მასალა ლოგიკურადაა ორგანიზებული და ხელს უწყობს შინაარსის აღქმას.
დოკუმენტის სტრუქტურა კარგადაა გააზრებული, სტრუქტურის შექმნისას გამოყენებულია რედაქტორის სხვადასხვა ფუნქციური შესაძლებლობები. მასალის ორგანიზება ხელს უწყობს მის აღქმას და მთლიანად  შეესაბამება შინაარს.
(0 ქულა)
(1 ქულა)
(1.5 ქულა)
(2 ქულა)

მოსწავლის მიერ მომზადებული დოკუმენტი ფასდება ცალკეული კრიტერიუმის მიხედვით. მაგალითად, ამ შემთხვევაში, გვაქვს ფონი, ტექსტის ფორმატირება, გრაფიკული ელემენტები და მათი განთავსება, ნაშრომის ორიგინალურობა (აქ იგულისხმება არა შინაარსის, არამედ გამოყენებული ციფრული მასალისა და სტრუქტურის ორიგინალურობა), მასალის ორგანიზება (როგორც შემადგენელი კომპონენტების განლაგება, ისე სტრუქტურული ელემენტები). თითოეულ კრიტერიუმში მიღებული ქულა ჯამდება და მიიღება ნაშრომის შეფასების  საბოლოო ქულა.